უეკლო მაყვალი

მარინა ებრალიძე
04.06.2016
უეკლო მაყვალი მრავალწლიანი, ხვიარა ფორმის ბუჩქოვანი მცენარეა. ის კენკროვანი კულტურაა, ევროპული ჯიში (ძირითადად, ბულგარული), კარგადაა გავრცელებული გურიაში. თუმცა, არა ერთგან ისმის, ჩვენს ტყეებში მაყვლის მეტი რაა, მაგისთვის წვალება არ ღირსო. რა თქმა უნდა, ეს მცდარი აზრია, მით უფრო, როცა უეკლო მაყვლის გაშენება განსაკუთრებულ პირობებს და დაძაბულ შრომას არ ითხოვს, შეწამვლას არ საჭიროებს, ძალიან ადვილად მრავლდება და რაც მთავარია, უხვად მსხმოიარობს შუა ზაფხულიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. ნაყოფი ველურ მაყვალზე ორჯერ მსხვილი აქვს, მოგრძო ფორმის. მისი მურაბა თუ კომპოტი ძალიან გემრიელია და განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის დროს. მიუხედავად იმისა რომ, უეკლო მაყვალი თავისითაც კარგად მრავლდება, შესაძლებელია, მისი გრძელი ყლორტის წვეროც გადავწიოთ და ჩავამაგროთ ნიადაგში ის ადვილად დაფესვიანდება. გაზაფხულზე კი გადაწვენილ ტოტს შუა ადგილზე გავჭრით. შეიძლება წაჭრილი ტოტი პირდაპირ ჩავრგოთ განოყიერებულ მიწაში ან წყლიან ჭურჭელში დავაფესვიანოთ და შემდეგ გადავიტანოთ ღია გრუნტში. ასევე, ადვილია დაკალმებით გამრავლება. მცენარეს იმდენად დახურულ ფესვთა სისტემა აქვს, რომ ადვილად ედება იმ გარემოს, სადაც არის დარგული. უმჯობესია, ის ორი მეტრი სიმაღლის ხეივნის სახით გავაშენოთ, სიგრძივი მწკრივებით. ადვილი შესაძლებელია, უეკლო მაყვლით მცირე ბიზნესიც ვაწარმოოთ. ის გემოთი და სარგებლიანობით ჟოლოს ბევრად არ ჩამოუვარდება. მართალია, მას კონკურენციას უწევს ველური მაყვალი, რომელიც უხვადაა ჩვენს მთა-გორებში, მაგრამ შინ მოწეული, რომლის ნაყოფი სამჯერ დიდია, მაინც სულ სხვაა.
დასახელება ატვირთვის თარიღი
უეკლო მაყვალი.jpg 04.06.2016 16:03:37